პარასკევი
29.03.2024
18:55
მთავარი
ომის სურათები
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1044

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

 
საბრძოლო ნათლობის პირველი ღამე 
მაშინ 17-ის ვიყავი, 1993 წლის 17 ივლისი იდგა, ეშბას ქუჩას ფეხით, ზლაზვნით მივუყვებოდი, სოხუმში პირველად ვიყავი და ვცდილობდი თვალების აქეთ-იქით ცეცებით დამემახსოვრებინა ლამაზი ქალაქი. ლამაზი? - ეჰ, სადღა იყო ის სილამაზე, დამწვარი სახლები, დაბომბვისგან ჩამონგრეული კორპუსები. ქართველებს და აფხაზებს დროებითი მშვიდობა (!) ქონდათ გამოცხადებული და შუა ქუჩაში ბოდიალის ამიტომაც არ მეშინოდა… დანიშნულების ადგილი რუსთავის ბატალიონი იყო, იქ მეგულებოდნენ ჩემი უფროსი მეგობრები, მათთან მივდიოდი! სახლიდან მოტყუებით გამოვიპარე… მალევე ჩამოვალ-თქო, დავიბარე, თუმცა სიმართლე მარტო ჩემმა ძმამ იცოდა - ჩემი ძმა ომში წავიდაო, სიამაყით უყვებოდა 15 წლის ლაწირაკი თურმე თავის ძმაკაცებს.
ომი კინოში მქონდა ნანახი, მიყვარდა მსგავსი ფილმების ტელევიზორში ცქერა, “ჯარისკაცის მამა” ხომ საერთოდ ზეპირად ვიცოდი, იმითაც ვტრაბახობდი, რომ სკოლაში სამხედრო მომზადება მქონდა გავლილი, ავტომატის დაშლააწყობაც ვიცოდი, ყუმბარებსაც ვცნობდი და საქალაქო სამხედრო ღონისძიებებში, რუსთავში ჩემი სკოლიდან ყოველთვის წარმატებული მოსწავლე ვიყავი, სამხედროს მასწავლებელი ამაყობდა ხოლმე ჩემით, მაგრამ… ეს ნამდვილი ომი იყო.
პურის ქარხნის წინ ლამაზი გოგონა დავინახე, გრძელი, დავარცხნილი თმა ჰქონდა, სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად სახელდახელო სავაჭრო ადგილი გაეშალათ - ის, მსხალს ყიდდა, არადა როგორ მიყვარდა გულაბი მსხალი… მთელი სათლი ვიყიდე, გავუღიმე და სახელიც ვკითხე - მირანდა ერქვა...
სოხუმის ახალ რაიონში, ეშბას ქუჩაზე შემთხვევით წამოწეულმა ტანკმა მიმიყვანა (მახსოვს ტანკს ინგლისური ასოებით ეწერა REINGER), გორელი ტანკისტები იყვნენ, მაგათმა მიმასწავლეს რუსთავის ბატალიონის ზუსტი ადგილი და ნახევარ საათში, სოფელ გუმისთაში ჩვენებსაც მივაგენი.
არვიცი ჩემი დანახვა რატომ გაეხარდათ, მაგრამ ყველა ცდილობდა რაღაცით ყურადღება მოექცია ჩემთვის, ალბათ იმიტომ, რომ პატარა ვიყავი, ან იქნებ იმიტომ, რომ მთელი სათლი გულაბი მსხალი მივუტანე :)
- დარჩებიო? მკითხეს ბიჭებმა და - აბა რა-თქო, რომ ვუპასუხე, გულწრფელად გაეხარდათ, - დაღამებამდე უნდა ავღნიშნოთო, მითხრეს და იქვე, სომხების მიერ მიტოვებულ სახლში გახსნილ შტაბში, სახელდახელო სუფრა გაშალეს, არაფერი განსაკუთრებული - ჩემს მიერ მიტანილი გულაბი მსხალი, ერთი პური (ორი დღის წინ სოხუმიდან ამოტანილი), ცივი წყალი და ვადაგასული “ტუშონკები”… და ყველაზე მთავარი - კეთილი გული! ასე, გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია!
შაქრო იყო ერთი, მათიაშვილი, გურჯაანელი ვაჟკაცი (ქვედა სურათზე, ზედა რიგში მარცხნიდან მესამეა) - შენი ტოლი ბიჭი მყავს კახეთში, ზაზა და იმის მაგივრად წამოვედიო, - თავის შვილივით მივლიდა, ზედ დამფოფინებდა - თავი ჩაწიეო, აქ გახოხდი, აქ მალე გაიქეცი, აქ “ადინოჩნები” ესროლე, აქ “მიაყარეო”, მარიგებდა (ეს უკვე ბრძოლის დროს)…
* * *
საღამოს პოზიციათა ცვლა უნდა მომხდარიყო, მდინარე გუმისთის ერთ ნაპირზე ჩვენები იყვნენ სანგრებში, მეორე ნაპირზე კი - აფხაზები. მომცეს AKც-ის ავტომატი, სამი სავსე “რაჟოკი”, ხელყუმბარები, ერთიც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ერთი მუხა და ცალკე ტყვია წამალი - თუმცა მანამდე “მომთხოვეს” - მიზანი უნდა შეგიმოწმოთო! ნუგზარი იყო, ბოხაშვილი, რუსთაველი მებრძოლი, მითხრა
- აგერ, იმ სახლის საკვამურს, თუ 30 ტყვიიდან “ადინოჩნებით” 15-ს მაინც გაარტყავ, პოზიციებზე მაშინ წაგიყვანთო. - ვიუკადრისე, რას ქვია 15-სთქო, ჩავიმუხლე, ავტომატი მხარზე მოვირგე და 30 ტყვიიდან 27 მიზანს გავარტყი… გაგიჟდა ბატალიონის მეთაური, - რა გვარი ხარო, მერეღა მკითხეს, რომ ვუთხარი - გაეცინათ - ახლა ყველაფერი გასაგებიაო…:)
საბრძოლო ნათლობა მძიმე იყო, - ჩემს უკან სოხუმის ახალი რაიონის სამ 16 სართულიან კორპუს გამალბით ესროდა მტერი, ღამის 3 საათამდე დაბომბვა არ შეუეჭყვეტიათ, სანგრებიდან ჩვენ არ ვწტვეტდით სროლას - შენ პოზიციური ბრძოლები უძახე და ჩემს ცხვირწინ, ხის ყუთს, რომ ზედიზედ 12 ტყვია მოხვდა, მაშინღა მივხვდი - თავი ცოტა ქვევით უნდა დამეწია.
ჩვენი აკოფი ტალახით იყო სავსე, აკოფში მე და ძია შაქრო ვიყავით, დილის 5-ზე სროლები, რომ მინელდა მერეღა მითხრა, - ნახე რამდენი გისვრიაო… ჩემს ცარიელ “რაჟოკებს” გადავხედე და შემრცხვა - ბევრი ტყვიაწამალი დამიხარჯავს…
მინელებულმა სროლამ, დილის 5 საათზე დამამშვიდა და ფეხზე წამოვდექი სანგრიდან და ბიჭებისკენ გადავდგი ნაბიჯი, არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი წუილის ხმა, თითქოს რაღაც საშინელი მოფრინავდა ჩვენსკენ - მახსოვს შაქრო ძიამ ხელი მკრა, მიწაზე დამაგდო, ზედ გადამეფარა და გუმისთის მეორე მხრიდან გამოსროლილი რაკეტის ნამსხვრევებისგან მიხსნა, საბედნიეროდ თვითონაც გადარჩა (იმ რაკეტის დარჩენილი ნაწილი, მერე სახსოვრად თან წამოვიღე).
ბიჭებს შეუმჩნევიათ საიდანაც გვესროლეს და მე მითხრეს - აჰა შენ “გრანატამიოტი” და თუ გინდა ესროლეო! - რას ქვია მინდა-თქო, ისედაც გაბრაზებული და ნერვებმოშლილი ვიყავი მთელი ღამის ბრძოლებიდან გამოყოლილი ბოღმა მახრჩობდა (10-ამდე რაკეტა მოარტყეს იმ 16 სართულიანებს), საითაც მიმითითეს იმ სახლს ვესროლე, მეორე სართულს მოხვდა და კედელი გადაინგრა, მიუხედავად იმისა, რომ თავი კინაღამ გამისკდა იმხელა ხმა ქონდა სროლისას იარაღს, მაინც შევამჩნიე, მიზანს მიღწეულ “გრანატამიოტს” იმ სახლის პირველი სართულიდან, მტრის 5 კაციანი ჯგუფი როგორ მოშორდა, სროლასროლით. ბიჭებმა თქვეს - კრაზანების ბუდე გასკდაო და მიუშვეს.
მერე ყველაფერი მიწყნარდა, თურმე იმ სახლიდან ბომბავდნენ მთელი ღამე სოხუმის ახალი რაიონის 16-იანებს, სროლის შეწყვეტის შემდეგ თავს წათვლემის უფლებაც მივეცი, იქვე ტალახიან აკოფში, ბუშლატაზე წამოვწექი, ბალიშად “კასკა” ამოვიდე, ცხელი ავტომატი გულში ჩავიხუტე და… დავიძინე.
* * *
ვიღაცეები ამბობენ, ქართველებმა ომი წააგესო, არადა ის კი არ იციან ამ ვიღაცეებმა, რომ ქართველები - მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლას თუ აგებენ, თორემ - ომს არასოდეს! არ გჯერათ? ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!
ბესიკ ჩუბინიძე
1993 წლის ივლისი
ბესო ჩუბინიძე
 
მარტის ბატალიები
   ოთხ მარტს, აფხაზეთის გასაბჭოების დღეს, აფხაზები შემოტევას და სოხუმის აღებას აპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ...
 მესამე ასეულის პოზიციიდან ათ მეტრში მოჩხრიალებს გუმისთის წყალი. ორმოცდაათ მეტრში აფხაზთა ტრანშეაა გაჭრილი. მარცხნივ, ზღვასთან რუსეთის სამფეროვანი დროშაა, მარჯვნივ კი - სპორტბაზის შესასვლელთან აფხაზური დროშა. ქართული დროშა ხიდებს შორის, პირველი ასეულის ცენტრშია აღმართული.
   15-16 მარტს, ღამით გადმოვიდნენ შეტევაზე. აფხაზთა დესანტმა ორმოცდაათი მეტრით წინა ხაზის ცენტრიდან მარჯვნივ, სამანქანო ხიდისკენ გადმოინაცვლა. ხიდებს შორის აღმართული საქართველოს სამფეროვანი დროშა ვერ წააქციეს. იურა კვარაცხელიას პირველი ასეულის თითოეულმა წევრმა საოცარი გმირობა და გამძლეობა გამოიჩინა. რამდენიმე საათის განმავლობაში ათეულობით მოწინააღმდეგე ამოხოცეს და ნაბიჯით არ დაუხევიათ უკან. ხიდებს შორის საკუთარი სხეულებით შექმნეს ციხესიმაგრე. მათ გარშემო შტაბის უფროსმა ზურაბ სამუშიამ რკალი შეკრა და მოიერიშეები შეაჩერა.
   დილის ათ საათზე ბატალიონის მეთაურ ზარას ოთახში სამხედრო მზვერავმა - მერაბ ბასილაიამ (სან სანიჩი) მიიღო ბრძანება; მას უნდა გაეგო ცოცხლად დარჩენილი აფხაზი მოდესანტეების ზუსტი რაოდენობა, საჭირო იყო ტანკების გაყვანა წინა ხაზზე და დაზვერვის შეფის - ირაკლი ბათიაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა.
   სიკვდილის ქარხანა აქტიურად ამუშავდა... ულმობლად დაიწყო სისხლის წვიმები...
   “სან სანიჩმა” პირჯვარი გადაიწერა. სეტყვასავით ცვიოდა ტყვიები... უსწრაფესად გადაირბინა ჭიშკრამდის და მიეკრო მოასფალტებულ მიწას... მარცხნივ მდგარი მიწურებიდან სასიკვდილოდ განწირული მოდესანტეების წივილი წვდება მის სმენას... გველივით მისრიალებს ასფალტზე, პირდაპირ მოდესანტეებისკენ მიხოხავს და მალევე ამოეფარა ათ მეტრში მდგარ “ნატვრის ხეს”...
   ისევ მომაკვდავ ადამიანთა განწირული ხმები...
   უცებ მარჯვენა მხრიდან მოწინააღმდეგის მოძრაობა შენიშნა, წამოხტა, ხელყუმბარაც ესროლა და ავტომატიდანაც მიაყარა. დაიჭრა ან მოკვდა აფხაზი...
   აფხაზები ვერ ხედავენ მზვერავს, მან კი კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს მოარტყა ორი ტყვია თავში...
   ოცდაათ მეტრში, მანდარინების ნარგავებიდან ტანკიც ამოიზიდა. მარჯვენა ხელით - მოდიო, ანიშნა “სან სანიჩმა” და ავტომატი პირველი მიწურის შესასვლელს დაუმიზნა, ჩართო “ავტომატიკა” და არ მისცა აფხაზებს საშუალება ტანკისათვის ესროლათ ყუმბარები.
   მისტერ პიტკინმა ტანკიდან 40 ჭურვი გაისროლა აფხაზების მიმართულებით. რიჟას ეკიპაჟიც გამოჩნდა, აკვანივით აქანავდა ტანკი და ადგილზე მოტკეპნა მიწა.
   სამხედრო მზვერავმა დავალება შეასრულა, მოდესანტეთა რაოდენობა გადაითვალა, ტანკმაც გაიარა...
 სანტიმეტრებში გამავალ ტყვიათა ლაბირინთში გახვეულმა “სან სანიჩმა” უეცრად საშინელი დარტყმა იგრძნო მარჯვენა შუბლის არეში. ერთი წუთის განმავლობაში შეიგრძნო თუ როგორია სიკვდილი... თქრიალით წამოვიდა სისხლი, სამედიცინო დახმარების პაკეტის ამოღებას ვერ ახერხებდა დაჭრილი, მხოლოდ შავი ზონარი მოუჭირა შუბლს და სისხლდენა ნაწილობრივ შეაჩერა.
   დასახმარებლად სარდაფიდან გამოქცეულ მეორე მზვერავსაც მკლავში მოხვდა ტყვია და მოფუზული გაბრუნდა უკან.
   ზურაბ სამუშია და ბატალიონის კავშირის უფროსი ჩაუდგნენ აფხაზ მოდესანტეებს ავტომატით და გზა გაუხსნეს დაჭრილ “სან სანიჩს”...
   მეორეჯერ მისტერ პიტკინის ეკიპაჟი წინა ხაზზე ზურაბ სამუშიამ გაიყვანა. ის ჯერ წაქცეულ ხეს ამოეფარა მინდორზე და მერე მივიდა ნატვრის ხესთან.
   ფიცხელი ომი იყო, მესამეჯერ ყოველგვარი ნებართვის გარეშე წავიდა მისტერ პიტკინის ტანკი წინა ხაზზე. ჯერ ძრავა გაუჩერდა, მერე ყუმბარა მოარტყეს, ეკიპაჟის წევრი ზურაბ ზარანდია მძიმედ დაიჭრა. კონტუზირებული მერაბ კვარაცხელია პიტკინმა გამოიყვანა ტანკიდან და ისევ დაბრუნდა... ბოლომდე იბრძოლა და ეკიპაჟიც ჩაიფერფლა. მურთაზ პიტავა, იგივე მისტერ პიტკინი, ვახტან გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი, მეექვსე ბატალიონის უპირველესი გმირია.
   ...ზუსტად დღის პირველ საათზე მოფრინდა ქართველთა სამი რეაქტიული თვითმფრინავი და მიწასთან გაასწორეს აფხაზთა საცეცხლე წერტილები.
   ღამეში ცა და მიწა ერთიანად ცეცხლისფერი წითელი “ტრასირების” ხაზების ქსელში გაეხვა.
   დილით აიღეს აფხაზ მოდესანტეთა მიწურები...
   გულრიფშის მეექვსე ცალკეულ სატანკო ბატალიონს მარტის ბატალიებში დაეღუპა 8 ჯარისკაცი, ხოლო აფხაზებს - 70.
    სისხლის წვიმებმა გადაუარა ქართველთა მიწას თბილი გაზაფხულის დასაწყისში...
მერაბ ბასილაია
ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა


Copyright MyCorp © 2024