სამშაბათი
23.04.2024
09:13
მთავარი
არქივი
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1044

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

საქართველოს განათლების მინისტრი უნივერსიტეტს ეწვია
 
  21 მარტს სოხუმის უნივერსიტეტს საქართველოს განათლების მინისტრი - გია ნოდია სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყოს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან გასაუბრება, მათი შეფასებების მოსმენა, უნივერსიტეტისთვის პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება. 
  მინისტრმა რექტორისაგან მოსმინა ინფორმაცია განხორციელებული პროექტების, უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ადმინისტრაციამ და სტუდენტობამ ისაუბრა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში დევნილი უნივერსიტეტის როლზე და იმ არაერთ პრობლემაზეც გამახვილდა ყურადღება, რაც სტუდენტობას და ზოგადად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას აწუხებს.
  მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებში ვიზიტების ციკლი მან სწორედ დევნილი უნივერსიტეტიდან დაიწყო და პირველად სწორედ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის ორგანიზება მოხდა. მან ადმინისტრაციას და სტუდენტობას აქტიურობისკენ, ამბიციური მიზნების დასახვისკენ მოუწოდა, - უმაღლესი სასწავლებლების მდგრადობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მთავარია ინტელექტუალურ პროვინციად არ ვიქცეთ, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქართველი სტუდენტები განათლების მისაღებად საზღვარგარეთ ასე ინტენსიურად აღარ მიდიოდნენ.
 
აფხაზეთის მთავრობის მედია-ცენტრის უფროსი ამღერდა
 
აახლოებით წელიწადნახევარია რაულ ქირია აფხაზეთის მთავრობის მედია-ცენტრის უფროსად მუშაობს, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე (და შესაბამისად მერეც) მას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები ქონდა ქართული შოუ-ბიზნესის ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავებთან, ალბათ ამ მეგობრობის გავლენით და ბავშვობის იმ სურვილის გათვალისწინებით, რომ რაულს სურდა მიკროფონით სცენაზე ოდესმე მაინც მდგარიყო, გაბედა და პაატა ფაცულიას სტუდიაში, ეთერ კაკულიას დახმარებით სოლო-სიმღერა ჩაწერა, რათქმაუნდა მედია-ცენტრის უფროსი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საკუთარ თავს სცენაზე სერიოზულად არ ხედავს და ამას უბრალოდ, კეთილი ამბიციის დაკმაყოფილებად მიიჩნევს და სიმღერასაც მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში თუ გაბედავს. თუმცა ჩვენმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ რაულ ქირიას უკვე ქონია ჩაწერილი ერთი სიმღერა, დუეტი ყოფილ მეუღლესთან სოფია რაფაელასთან ერთად, რომელიც მათი სიყვარულის სიმბოლური გამოხატვა ყოფილა თავის დროზე.
 
ქართველი ვარსკვლავების და “მესიჯის” ბაირამობა მარნეულში
 
 
  21 მარტს აზებაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ქვემო ქართლში, კონკრეტულად კი, მარნეულში ანსამბლ “გვირილას” ხელმძღვანელის ერნა წიფურიას ხელმძღვანელობით ქართული ესტრადის ვარსკვლავების ღია გალა-კონცერტი გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც მერაბ სეფაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ეთერ კაკულია, გურამ ჯაში, ჯაბა ბოჯგუა, მაკა ქაჯაია, პაატა თედიაშვილი, ნუგზარ კვაშალი და სხვები ღებულობდნენ.
  აზერბაიჯანული ახალი წლის და გაზაფხულის დადგომა მარნეულელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც მიულოცა, რომელიც ჩვენდა გასაკვირად შორიდანაც კი, არ მიესალმა ქართული ესტრადის მომღერლებს, ბაირამობის დაწყება მიულოცა აზერბაიჯლებს, ჟურნალისტებს კომენტარები უხვად ჩამოურიგა და იქაურობას მალევე დაემშვიდობა.
  ახალგაზრდა მაყურებელი კი, კონცერტის დაწყებამდე ჩვენი გაზეთის პირველი ნომრის კითხვით ირთობდა თავს და ცდილობდნენ მაქსიმალურად სწრაფად ამოეხსნათ ბოლო გვერდზე გამოქვეყნებული სკანვორდი, რადგან “მესიჯის” სკანვორდის პირველ ამომხსნელს ზურა დოიჯაშვილი პერსონალურ ავტოგრაფს დაპირდა, გამარჯვებული 16 წლის ესმა წერეთელი აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე მალე, ტროტუარზე ჩამომჯდარმა შეასრულა დავალება და დაპირებული პრიზიც მიიღო.
  კონცერტს ტელეკომპანია “მზის” გადაცემა “ტაბუს” წამყვანი მარინა სალუქვაძე უძღვებოდა, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი მასობრივი ღონისძიების წამყვანობას, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ მარნეულის ცენტრში შეკრებილი სამიათასამდე ადამიანი შხაპუნა წვიმამ დაშალა, კონცერტმა მაინც მხიარულად ჩაიარა, ყველა გამომსვლელი ცდილობდა მსმენელისთვის თავის მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე მიელოცა ბაირამობა.
  კონცერტის დამთავრების შემდეგ კი, სტუმრებს მარნეულის გამგებელმა ზაზა დეკანოიძემ ქართული, ტრადიციული პურმარილით უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, გულით უსურვა ვარსკვლავებს – მარნეულში მალევე დაბრუნება.
  მარნეულელმა თინეიჯერებმა კი “მესიჯის” მესვეურებს დააბარეს – იცოდეთ, ძალიან გვეწყინება ახალი ნომრები თუ არ ჩამოვა ჩვენამდეო, თუმცა დაპირების მერე, რომ – გაზეთი “მესიჯი” მათთან აუცილებლად ჩავიდოდა, გზა მშვიდობისა გვისურვეს და უკან დაბრუნების იმედით დროებით დაგვემშვიდობნენ.  
 
"ლამპარის" აქცია
 
  როგორ იყოფა დედმამიშვილების გზები ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ ან რა ბედი ეწევათ მათ, ვისაც დედმამიშვილი გაუშვილეს....?
  მრავალ ქვეყანაში ბავშვები განსაკუთრებულ რთულ პირობებში ცხოვრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში უამრავი მიუსაფარი ბავშვია.
  მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ “ლამპიონის” აღსაზრდელებს, -ტატუნაშვილების ოთხ დედმამიშვილს აღარც სურს დედის გახსენება, არც იმის თუ როგორ გაატარეს მთელი ბავშვობა მაღალსართულიანი შენობის სხვენზე... მაგრამ მათ ახსოვთ და-ძმა, რომელიც სხვა მშობლებმა იშვილეს და რომლებსაც სავარაუდოდ ვეღარასდროს ნახავენ...
  თუმცა ბავშვები მადლიერნი არიან იმ ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელსაც უკვე შვიდი წელია ვარკეთილის ბავშვთა სახლში იღებენ.
  და-ძმებიდან ყველაზე უფროსი, - ნათია რამდენიმე თვეში სრულწლოვანი ხდება და შესაბამისად მზრუნველობაც მოეხსნება, მაგრამ სად უნდა წავიდეს, როცა არც ხელობა იცის და არც ის, თავი როგორ უნდა ირჩინოს. ერთადერთი, - შეუძლია თავი პროექტ “ლამპარის” მეშვეობით გამოიჩინოს.
  ნათიას თავის დასთან და რამდენიმე აღსაზრდელთან ერთად  პირველი კონცერტი სხვადასხვა ფოლკლორულ ანსაბლებთან ერთად ქონდა. კონცერტი ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით გაიმართა.
  პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე ხუხია აცხადებს, რომ “ლამპარის” სახელით კონცერტები და გამოფენები ხშირად გაიმართება და დამფუძნებლები შეეცდებიან სხვადასხვა ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა ნიჭის მაქსიმალური რეალიზება მოახდინონ.

 
 კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად...
 
  საქართველოს ტერიტორიაზე 40 ათასზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერია. თითოეული მოვლა-პატრონობას საჭიროებეს და სწორედ ეროვნული მემკვიდრეობის აღორძინების მხარდასაჭერად დაფუძნდა 2006 წლის 20 აპრილს კლუბი “ტაძარი”.
  როგორც “ტაძრის” ერთ-ერთმა წევრმა - გიორგი გაგიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის საქმეში.
  ქართველ სტუდენტებთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობა მიიღეს ინდოელმა და პაკისტანელმა სტუდენტებმა.  
  2006 წელს “ტაძრელებმა” დაასუფთავეს, წინასარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარეს 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 2007 წელს ბანაკები გაიხსნა მანავის, ბებრის, უჯარმის, თურსოს, ხერთვისის, პეტრას და ხამისკურის ციხეებზე.
  ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ამ პროქტში მოწესრიგებულობით და დიდი აქტიურობით თავი გამოიჩინეს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გიორგი გაგიშვილმა მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით შეაქო მაია მიქაია (“ტაძრის” კოორდინატორი ჩვენს უნივერსიტეტში).
  ჩვენის მხრივ წარმატებას ვუსურვებთ პროექტის ავტორებს და ვისურვებთ “ტაძრის” შემდეგი ბანაკი აფხაზეთის ტერიტორიაზეც მალე გაიხსნას.
 
 
 აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
 
  16 მარტს, სოხუმის უნივერსიტეტი აფხაზეთში დაღუპული სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ოჯახის წევრებს სტუმრობდა. ბიბლიოთეკაში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად თავი მოიყარეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს რექტორატმა სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. გასაუბრების დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
  თავდაპირველად სტუმრებს სიტყვით მიმართეს დენვილი უნივერსიტეტის რექტორმა - ჯონი აფაქიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - აბესალომ მიქელაძემ. მათ მოუბოდიშეს სტუმრებს იმის გამო, რომ სოხუმის უნივერსიტეტში თხუთმეტწლიანი დევნილობის განმავლობაში დაღუპულთა ოჯახის წევრები პირველად იქნენ მიწვეულნი. ამავდროულად აღნიშეს, რომ სამომავლოდ ეს ღონისძიება უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს და უწყვეტი პერიოდულობით აღინიშნება.
  რექტორმა ზოგადად ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით დევნილი უნივერსიტეტის მიზანია ეტაპობრივად წაიწიოს წინ და განვითარდეს, - “ღარიბი უნივერსიტეტიდან საშუალო შესაძლებლობის უნივერსიტეტად უნდა ვიქცეთ, შემდგომ კი მდიდარ უნივერსიტეტად და ასე, წელში გამართულნი უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთშიო”.
ამ პროექტის ორგანიზატორმა - აბესალომ მიქელაძემ ისაუბრა სოხუმის უნივერსიტეტის დაღუპული თანამშრომლებისა და დაღუპული სტუდენტების გმირობაზე.
  საზოგადოებას სიტყვით დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლევმა და ომის ვეტერანებმა მიმართეს, მათ ომის ისტორიებიც გაიხსენეს და მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს მიპატიჟებისთვის.
  შემდგომ სტუმრებმა და მასპინძლებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ბოლოს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ამაღლების ეკლესიაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწნენ.
  მისასალმებელია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მსგავსი ინიციატივები და სასურველია ამ ღონისძიებამ პერიოდული სახე მიიღოს...
 
 რეპორტაჟი "მესიჯის" პრეზენტაციიდან
 
 10 მარტს, დილიდან თბილისში ახალგაზრდებს გაზეთ "მესიჯი"-ს პირველი ნომერი დაურიგდათ. ნაშუადღევს კი - გაზეთის რედკოლეგიის დაპირებისამებრ პრეზენტაციისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ხმაურიანმა მუსიკალურმა საღამომ ანშლაგით ჩაიარა. ქართულ ტრადიციად ქცეული დაგვიანებების შემდეგ ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ ენერგიულად და საინტერესოდ დაიწყო, განაგრძო და დაასრულა მუსიკალური საღამოს წაყვანა. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები...
  სიმღერით პირველმა ბესიკ კალანდაძემ მიულოცა ახალგაზრდებს გაზეთის დაარსება. სტუდენტებს მიესალმნენ და "მესიჯის" დამაარსებლები გულწრფელად შეაქეს  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრე აპლაკოვმა და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა - ჯონი აფაქიძემ. რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ინიცატივები სტუდენტთა მხრიდან საჭირო და და(შე)საფასებელია.
კმაყოფილება არ დაუმალავს გაზეთის რედაქტორსაც და კარგი განწყობა გადასდებოდა  რედკოლეგიის თითოეულ წევრს. 
  "მესიჯის" დაბადება მუსიკალური ნომრებით მიულოცეს ახალგაზრდებს ქართველებისთვის (და არა მხოლოდ ქართველებისთვის) კარგად ცნობილმა და  უდაოდ დიდმა ვარსკვლავებმა: ზურა ჩინჩალაძემ, ნუგზარ ერგემლიძემ და გურამ ჯაშმა. მილოცვას შეუერთდნენ ახალგაზრდა შემსრულებლებიც: გიორგი დათიაშვილი, პაატა თედიაშვილი, მაკა ქაჯაია, სოსო ჯინჯიხაშვილი, მანჩო და ბედინა. გულთბილი მილოცვა არ დაიშურა და "მესიჯის" პირველი მკითხველების სიაში ჩაეწერა 12 წლის პატარა ბაჩოც.  
  უდაოდ ენერგიულმა წამყვანმა დარბაზიც მარტივად "აახმაურა", ბედინასაც "გაეკაიფა", მანჩოს სექსუალობასაც ხაზი გაუსვა, სარძლოს შერჩევაც "სცადა", მაყურებლებშიც "შეიჭრა" და დარბაზის ყველაზე აქტიური სტუდენტი კინოთეატრ რუსთაველის ბილეთებით დაასაჩუქრა. იურსიტმა ბადრი სერგიამ მოსწრებულ სიტყვასთან ერთად თავი კარგი ცეკვითაც გამოიჩინა, გაზეთის რედაქტორიც გამოიცეკვა, ლამაზი "სადღეგრძელოებიც" მოარგო მუსიკალურ საღამოს და კონცერტის მიწურულს "შეყვარებული არ მყავსო" ხმამაღლა გამოაცხადა. :)).
  მსმენელებმა განსაკუთრებული ოვაციით და ხმაურიანი ტაშით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - გურამ ჯაში დააჯილდოვეს. გოგონების ჩუმი, მაგრამ მაინც დაუფარავი მოწონება კი პაატა თედიაშვილს ერგო. არც მთლად ჩუმი, თუმცა კორექტული შეფასება მოყვა გაზეთში მოხვედრილ "sex რევოლუციას". :)) 
  ანშლაგი კონცერტზე, პროგრესად შეფასებული სტუდენტური ინიცატივა და ახალგაზრდების დაუფარავი მხარდაჭერა გაზეთის მესვეურებისადმი - ყოველივე ეს დასტურია იმისა, რომ ბევრად უფრო აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ვსაჭიროებთ, რომ აწმყოზე უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი გვამოძრავებს და რომ მომავლისთვის ნამდვილად გვიღირს შრომა, მომავალი ხომ ჩვენ თვითონ ვართ - ახალგაზრდები.
 
 კონცერტი უნივერსიტეტში! 
 
  სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთი "მესიჯი" 10 მარტს  15 საათზე სოხუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ჯიქიას ქ. N12. მე-8 სართული) გიწვევთ გაზეთის დაარსებისადმი მიძღვნილ უფასო კონცერტზე.
  თქვენს წინაშე წარსდგებიან ქართული ესტრადის ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები: ნუგზარ ერგემლიძე, ბესიკ კალანდაძე, გურამ ჯაში, ბაჩო, გიორგი დათიაშვილი, პაატა თედიაშვილი, ზურა ჩინჩალაძე, მაკა ქაჯაია, მანჩო, ბედინა, ბოკა კვეკვესკირი... საღამოს წარუძღვება საერთაშორისო ინტერნეტ-ჟურნალ "ვარსკვლავების" მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი და პრომოუტერი ბესო ჩუბინიძე.
  მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან და სტუდენტებს დამოუკიდებელი გაზეთის დაარსებას მიულოცავენ აფხაზეთის მთავრობიდან, პარლამენტიდან, თბილისის საკრებულოდან, განათლების სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტიდან და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორატიდან.
  ორგანიზატორები საინტერესო სიახლეებით დატვირთულ, მხიარულ და მუსიკალურ კონცერტს გპირდებიან ახალგაზრდული, დამოუკიდებელი და თავისუფალი გაზეთის პრეზენტაციაზე.

  
სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხი კონკურსანტების სია ცნობილია

 
  23 თებერვალს სსიპ სოხუმის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ჩარიცხვა მოხდა კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ერთი გამოცდა - ზოგად უნარ-ჩვევებში. 26 თებერვალს კი - სოხუმის უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე განთავსდა ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდების შედეგების შესახებ და კონკურსანტთა სია, რომელთაც დაძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაირიცხებიან შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2008 წლის 15 მარტი.
  შეგახსენებთ რომ, სამაგისტრო პროგრამები დამტკიცდა ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თოთხმეტ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამ, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ორ და იურიდიული ფაკულტეტის ერთ სპეციალობაზე.
  მაგისტრატურაში სწავლების ღირებულება იურიდიულ ფაკულტეტზე, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, ინგლისური ენისა და თარგმანის სპეციალობაზე განისაზღვრა 2000 ლარით, დანარჩენ სპეციალობებზე კი 1700 ლარით. უცხოელი მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის კი - სწავლის ტარიფი წლის განმავლობაში შესაბამისად შეადგენს 3000 და 2500 ლარს.
 
 
უნივერსიტეტის წარსული და დღევანდელობა
 
  აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი 1979 წელს ჩამოყალიბდა 1932 წელს დაარსებული პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე.
  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტატუსი 1989 წლის 14 მაისს მიიღო და 1993 წლის ბოლოდან ქალაქ თბილისში დაფუძნდა.
  მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისა, მიუხედავად ომისა და დევნილობისა, უნივერსიტეტმა შეძლო ხელახლა აღორძინება და გაფართოვება. პერიოდულად ხდებოდა ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამოყალიბება და განვითარება.
  2007 წლის 31 ივლისიდან კი – სოხუმის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
  უნივერსიტეტის მიზანია პროფესიონალი სპეციალისტების აღზედა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
  გრძელდება ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გაფართოვებაც, რომელიც 1997 წლის სექტემბერში დაარსდა და ამ დროისთვის აქ დაცულია 23 350 წიგნი, 20 500 ელექტრონული წიგნი, 3 190 სხვადასხვა დასახელების ჟურნალი და 20 დასახელების გაზეთი.
ვითარდება 1995 წელს დაარსებული გამომცემლობაც, რომელიც პრეიოდულად გამოსცემს გაზეთს “სოხუმის უნივერსიტეტი” (“სოხუმის სადროში”).
  შგადაშიგ ხორციელდება პროექტები სტუდენტთა ორგანიზებით და რექტორატის პატრონაჟით.
  ახლო წარსულიდან ყველაზე მაშტაბური და ხმაურიანი გასვლითი საქველმოქმედო აქცია იყო დიღმის ბავშვთა სახლში. სტუდენტ მაგისტრანტთა ასოციაციის (სმა) ინიციატივით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისაგან აგროვდა საჩუქრები და ფულადი შემოწირულობები. თავად ახალგაზრდებმა მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს მზრუნველობამოკლებულ და უნარშეზღუდულ ბავშვებს.
  ორგანიზატორთა თქმით აქცია არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ვიმედოვნებთ მსგავსი ინიციატივები მრავლად იქნება სტუდენტთა მხრიდან.
  პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ აკადემიურ პერსონალს, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ახალგაზრდებს და აფხაზეთში დაბრუნებას და დამკვიდრებას სოხუმის უნივერსიტეტს.


პირველი კურსი ისევ გვეყოლება!!!

  2008 წლის 4 იანვარს სოხუმის უნივერსიტეტმა უმაღლესი საქმიანობის საგანმანათლებლო ლიცენზია მიიღო. უნივერსიტეტის თანამშრომელთა და ლიცენზირების სამსახურის ძალისხმევით მოხერხდა იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდს, საუნივერსიტეტო ფართს, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიულ პროგრამებს შეეხებოდა. ჯიქიას 9 ნომერში მდებარე შენობა და მიმდებარე მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის კერძო მფლობელობაში გადმოვიდა.
  2008 წლის 8 იანვარს აკრედიტაციაც მივიღეთ, რაც უნივერსიტეტს 2008-2009 სასწავლო წლისათვის პირველკურსელთა მიღების შესაძლებლობას ანიჭებს.
  მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტი ბაკალავრიატზე 220 სტუდენტით, ხოლო მაგისტრატურაში 80 სტუდენტით განისაზღვრება.
მოკლედ ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, 2008 წელმა წარმატებულად შემოაბიჯა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ეს კი – გასულ წელს გაწეული მუშაობის შედეგია. თუმცა ისიც რეალობაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი უნივერსიტეტში უკეთესი პირობების შექმნისათვის.
  ომგამოვლილი, დევნილი უნივერსიტეტი, რომელმაც მოახერხა ხელმეორედ ფეხზე წამოდგომა, ისევ ვითარდება და ფართოვდება. ის პატარ-პატარა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიიწევს წინ, - წარმატებული მომავლისკენ.
ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ძებნა


Copyright MyCorp © 2024